| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 5 ამპულა |
| მოქმედი ნივთიერება | diclofenac |
ვოლტარენი®, 75 მგ/3 მლ, კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერება: დიკლოფენაკ ნატრიუმი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
პრეპარატი დაგენიშნათ კონკრეტულად თქვენ, არ გადასცეთ სხვებს, შეიძლება ავნოს მათ მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა.
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართში შედის:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ვოლტარენი® და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვოლტარენის® გამოყენებამდე
3. პრეპარატ ვოლტარენის® გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები
5. პრეპარატ ვოლტარენის® შენახვის პირობები
6. რა შედის შეფუთვაში და დამატებითი ინფორმაცია
7. ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის
პრეპარატი ვოლტარენი®
პრეპარატ ვოლტარენის®, კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დიკლოფენაკ ნატრიუმი.
ვოლტარენი® მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს „ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები“ (ასაპ), რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად.
გამოყენების ჩვენებები
ინტრამუსკულარულად შეყვანისას
პრეპარატი განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
· რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ოსტეოართრიტის, სპონდილოართრიტის, ვერტებრალური ტკივილის სინდრომის, სახსრისგარე რევმატიზმის ანთებითი და დეგენერაციული ფორმები;
· ნიკრისის ქარის მწვავე შეტევები;
· თირკმლის და ღვიძლის ჭვალები;
· ანთება, ტკივილი და შეშუპება ტრავმების და ოპერაციების შემდეგ;
· შაკიკის მწვავე შეტევები.
ინტრავენური ინფუზიის სახით მიღებისას
პრეპარატი განკუთვნილია ოპერაციის შემდგომი ტკივილის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის სტაციონარულ პირობებში.
როგორ მოქმედებს პრეპარატი ვოლტარენი®
ანთების, ტკივილის და ცხელების გამომწვევი მოლეკულების (პროსტაგლანდინები) სინთეზის ბლოკირების გზით პრეპარატი ვოლტარენი® ხსნის ანთების სიმპტომებს, როგორიც არის ტკივილი და შეშუპება. იგი არ ახდენს ზემოქმედებას ანთების ან ცხელების გამომწვევ მიზეზებზე.
პრეპარატ ვოლტარენის® მოქმედების მექანიზმის ან აღნიშნული პრეპარატის თქვენთვის დანიშვნის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ყურადღებით დაიცავით ექიმის ყველა მითითება, რაც შესაძლოა განსხვავდებოდეს ფურცელ-ჩანართში მოცემული ინფორმაციისგან.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი ვოლტარენი®
· თუ გაქვთ ალერგია დიკლოფენაკ ნატრიუმზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).
· თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, დიკლოფენაკი ან იბუპროფენი) მიღების შემდეგ. რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას, სურდოს, კანზე გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის, ყელის და/ან კიდურების შეშუპებას (კვინკეს შეშუპების სიმპტომები). ალერგიაზე ეჭვის არსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
· თუ აღინიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული, ნაწლავის ანთებითი დაავადება.
· თუ აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომლის სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლი განავალში ან შავი ფერის განავალი.
· თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.
· თუ აღინიშნება გულის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიის დაავადება ან ცერებროვასკულარული დაავადება.
· ორსულობის ბოლო ტრიმესტრის პერიოდში.
· თუ არსებობს პოსტოპერაციული სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას, არასრული ჰემოსტაზის, ჰემოპოეზის დარღვევის ან ცერებროვასკულარული სისხლდენის შემთხვევაში.
· გულის კორონარული შუნტირების (ან ხელოვნური გულ-ფილტვის აპარატის გამოყენების) შემდეგ ტკივილის სამკურნალოდ.
რომელიმე მოცემული ნიშნის არსებობისას აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს პრეპარატ ვოლტარენის® მიღებამდე.
პრეპარატი ვოლტარენი® უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ვოლტარენის® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან მედდასთან.
· თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დადგენილი დაავადებები (იხ. ზემოთ) ან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ლიპიდების მაღალი დონე (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები), დიაბეტი ან მწეველი ხართ, თუ მკურნალი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატ ვოლტარენის® დანიშვნას, დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 100 მგ-ს დღეღამეში თუ მკურნალობის ხანგრძლივობა აღემატება 4 კვირას.
· ზოგადად მნიშვნელოვანია პრეპარატ ვოლტარენის® უმცირესი დოზის გამოყენება, რომელიც ხსნის ტკივილს და/ან შეშუპებას, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გვერდითი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
· თუ პრეპარატ ვოლტარენს® იყენებთ ანთების საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან, კორტიკოსტეროიდებთან, ანტითრომბოზულ პრეპარატებთან ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება“) ერთად. ვოლტარენით® მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის წყლულები, იშვიათად-სისხლდენა ან ცალკეულ შემთხვევებში პერფორაცია (კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია). აღნიშნული გართულებები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. მოცემული რისკის შემცირების მიზნით ექიმი ნიშნავს მინიმალურ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით. მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი და ეჭვობთ პრეპარატთან კავშირზე. პრეპარატი ვოლტარენი® შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის მეტაბისულფიტი – 2 მგ, ბენზილის სპირტი – 120 მგ, პროპილენგლიკოლი – 600 მგ.
· თუ გაქვთ ასთმა ან თივის ცხელება (სეზონური ალერგიული რინიტი).
· თუ ანამნეზში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიც არის კუჭის წყლული, სისხლი განავალში ან შავი ფერის განავალი ან კუჭის არეში დისკომფორტის სიმპტომები ან გულძმარვა.
· თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის ანთება (წყლულოვანი კოლიტი) ან ნაწლავის ანთება (კრონის დაავადება).
· თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები.
· თუ აღინიშნება დეჰიდრატაცია (მაგ.: დაავადებების, დიარეის გამო, ოპერაციამდე ან ოპერაცის შემდეგ).
· თუ აღინიშნება ტერფის შეშუპება.
· თუ აღინიშნება სისხლდენა ან სისხლის სხვა დარღვევები, მათ შორის ღვიძლის იშვიათი დაავადება, როგორც არის პორფირია.
· თუ ბოლო პერიოდში ჩატარდა ან იგეგმება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქირურგიული ოპერაცია.
· თუ ვოლტარენის® ან სხვა ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების შემდეგ ოდესმე გქონდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.
· დამხმარე ნივთიერებები სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობაში, რომელთა არსებობა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:
ამპულაში შემავალ ნატრიუმის მეტაბისულფიტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და იშვიათ შემთხვევებში ბრონქოსპაზმი.
ვოლტარენის® 1 ამპულა შეიცავს 120 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, აგრეთვე ღვიძლის ან თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში, საჭიროა ექიმთან დამატებით კონსულტაციები, რადგან ბენზილის სპირტი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ე.წ. „მეტაბოლური აციდოზი“).
1 ამპულა შეიცავს 600 მგ პროპილენგლიკოლს. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ვოლტარენის® გამოყენება უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი კონტროლი ვოლტარენის® გამოყენებისას.
რომელიმე მოცემული ნიშნის არსებობისას აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს პრეპარატ ვოლტარენის® კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე.
· დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს თუ პრეპარატ ვოლტარენის® გამოყენების პერიოდში გამოვლინდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან გაურკვეველი მეტყველება.
· პრეპარატმა ვოლტარენმა® შეიძლება შეამციროს ინფექციის სიმპტომები (მაგ.: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა) და ამგვარად გაართულოს ინფექციის სათანადოდ იდენტიფიცირება და მკურნალობა. თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს და გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი, არ დაგავიწყდეთ აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ვოლტარენს®.
· ძალიან იშვიათად პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატ ვოლტარენს®, ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო პრეპარატებს, შეიძლება აღენიშნოთ კანის მძიმე ალერგიული რეაქციები (მაგ.: გამონაყარი).
· პრეპარატ ვოლტარენის® ინტრამუსკულარულად (მეთოდი, რომელიც გამოიყენება ღრმა ინტრამუსკულარული ინექციისთვის) შეყვანის შემდეგ რეგისტრირებულია გვერდითი რეაქციები ინექციის ადგილას, მათ შორის ტკივილი ინექციის ადგილას, სიწითლე, შეშუპება/შესივება, აბსცესები, ზოგჯერ სისხლჩაქცევებით ან ჩირქით, კანის ან კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები (განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში პრეპარატის არასწორად შეყვანის შემდეგ) - ფენომენი, რომელიც ცნობილია კანის სისხლძარღვების მედიკამენტური ემბოლიის სახელით (ნიკოლაუს სინდრომი).
თუ შენიშნეთ რომელიმე მოცემული სიმპტომი დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
მონიტორინგი პრეპარატ ვოლტარენით® მკურნალობის დროს
გულის დადგენილი დაავადებების ან მათი განვითარების მნიშვნელოვანი რისკების არსებობისას მკურნალმა ექიმმა პერიოდულად უნდა შეაფასოს პრეპარატ ვოლტარენით® მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის ხანგრძლივობა აღემატება 4 კვირას.
ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის ან სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევების შემთხვევაში პრეპარატ ვოლტარენით® მკურნალობისას უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები. აღნიშნული ანალიზების მიზანია ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების დონე), თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის დონე) ან სისხლის ფორმულის (ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების დონე) მონიტორინგი. მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს სისხლის ანალიზების შედეგები პრეპარატ ვოლტარენის® შეწყვეტის ან დოზების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში
ბავშვები და მოზარდები
კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტები, განსაკუთრებით სუსტი ან სხეულის მცირე მასის მქონე პირები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ პრეპარატ ვოლტარენის® ზემოქმედების მიმართ, ვიდრე სხვა ზრდასრული პაციენტები. მათ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დაიცვან მკურნალი ექიმის მითითებები და გამოიყენონ უმცირესი დოზა დაავადების შესაბამისად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულმა პაციენტებმა აცნობონ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ მკურნალ ექიმს.
სხვა პრეპარატები და ვოლტარენი®
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
· ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალოდ).
· დიგოქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).
· დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შარდის რაოდენობის გასაზრდელად).
· აგფ ინჰიბიტორები ან ბეტა-ბლოკატორები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ).
· ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი.
· კორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებით უბნებში ტკივილის მოსახსნელად).
· ანტითრომბოზული პრეპარატები (რომლებიც გამოიყენება თრომბოზის პრევენციის მიზნით).
· სამკურნალო საშუალებები (მაგ.: მეტფორმინი), რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ ინსულინის ნაცვლად.
· მეტოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნების ან ართრიტის სამკურნალოდ).
· ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ).
· ტრიმეტოპრიმი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ).
· ქინოლონები (ანტიბაქტერიული პრეპარატები ინფექციების სამკურნალოდ).
· ვორიკონაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
· ფენიტოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ).
· რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მკურნალ ექიმს უნდა აცნობოთ ორსულობის ან ორსულობაზე ეჭვის შესახებ. ორსულობის დროს პრეპარატი ვოლტარენი® შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში.
ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად პრეპარატი ვოლტარენი® არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვს და გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მოცემულმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მომავალი შვილის თირკმელებისა და გულის დაავადება. შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი და თქვენი შვილის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს ორსულობის გახანგძლივება (გვიან მშობიარობა) ან უფრო ხანგრძლივი (გაჭიანურებული) მშობიარობა. არ უნდა მიიღოთ ვოლტარენი® ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა და ექიმის რჩევით. თუ გჭირდებათ ვოლტარენის® მიღება ამ პერიოდის განმავლობაში, ან თუ აპირებთ დაორსულებას, უნდა გამოიყენოთ მინიმალური დოზა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან, ვოლტარენის® მიღებამ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მომავალი შვილის თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გარშემო ამნიოტური სითხის რაოდენობის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიოზი). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.
ექიმს უნდა აცნობოთ ძუძუთი კვების შესახებ.
პრეპარატ ვოლტარენის® გამოყენების დროს დაუშვებელია ძუძუთი კვება, რადგან შეიძლება საფრთხე შეექმნას ბავშვს.
ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ პოტენციური რისკი ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ვოლტარენის® მიღებისას.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
პრეპარატმა ვოლტარენმა® შეიძლება ხელი შეუშალოს ორსულობის დადგომას. გამოუვალი აუცილებლობის გარდა პრეპარატი ვოლტარენი® არ გამოიყენება თუ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ დაორსულების პრობლემები.
ყოველთვის ზუსტად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციები. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
რეკომენდებული დოზა
არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდებულ დოზას. მნიშვნელოვანია მიიღოთ მინიმალური დოზა ტკივილის გასაკონტროლებლად და არ გამოიყენოთ პრეპარატი ვოლტარენი® საჭიროზე მეტ ხანს.
ექიმი გაცნობებთ პრეპარატ ვოლტარენის® კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარის რა დოზა უნდა გამოიყენოთ. მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა.
ზრდასრული პაციენტები
ზრდასრული პაციენტებისთვის დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ამპულას დღეში, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში; ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ორი ამპულა დღეში. თუ საჭიროა ვოლტარენით® შემდგომი მკურნალობა, შეიძლება დაინიშნოს მაგ.: ტაბლეტების ან სუპოზიტორიების სახით.
მიღების გზა და (ან) მეთოდი
ინტრამუსკულარული ინექცია: ხსნარის ამოღება უნდა მოხდეს ამპულიდან შპრიცში და კეთდება ღრმად დუნდულა კუნთში.
ინტრავენური ინფუზია: პრეპარატი განკუთვნილია ნელი ინტრავენური ინფუზიისთვის, რომელიც კეთდება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში (ინსტრუქცია მოცემულია ნაწილში „ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის“). თუ იმყოფებით საავადმყოფოში, ექიმი ან მედდა გაგიკეთებთ ინტრავენურ ინფუზიას.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ყურადღებით დაიცავით ექიმის მითითებები.
ვოლტარენის® კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება ორ დღეზე მეტ ხანს; საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ვოლტარენის® ტაბლეტებით ან სუპოზიტორიებით.
ვოლტარენით® მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვოლტარენის® ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით გადააჭარბეთ პრეპარატ ვოლტარენის® დოზას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.
შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ ვოლტარენის® გამოყენება
თუ გამოგრჩათ პრეპარატის მიღება ინექცია უნდა გაკეთდეს როგორც კი გაგახსნედებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, ინექცია კეთდება ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად ვოლტარენის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული.
ნაკლებად ხშირი გვერდითი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში, განსაკუთრებით მაღალი სადღეღამისო დოზის (150 მგ) ხანგრძლივად მიღებისას.
· უეცარი მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის შეტევის ნიშანი).
· ქოშინი, სუნთქვის გაძნელება დაწოლილ მდგომარეობაში, ტერფების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები).
იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში ან 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში.
· სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის ნიშნები).
· მაღალი ტემპერატურა, ხშირი ინფექციები, მუდმივი ყელის ტკივილი (აგრანულოციტოზის ნიშნები).
· სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, თავბრუსხვევა (ჰიპერმგრძნობელობის, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ნიშნები).
· ძირითადად სახის და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპების ნიშნები).
· შთოთვითი აზრები და განწყობა (ფსიქიკური აშლილობის ნიშნები).
· მეხსიერების დაქვეითება (მეხსიერების დაქვეითების ნიშანი).
· კრუნჩხვითი შეტევები (კრუნჩხვის ნიშანი).
· შფოთვა.
· კისრის კუნთების რიგიდულობა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი (ასეპტიკური მენინგიტის ნიშნები).
· უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაბუჟება, მეტყველების უუნარობა ან გაძნელება, კიდურების ან სახის სისუსტე ან დამბლა (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან ინსულტის ნიშნები).
· სმენის პრობლემები (სმენის დაქვეითების ნიშნები).
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა (მაღალი არტერიული წნევის, არტერიული ჰიპერტენზიის ნიშნები).
· გამონაყარი, მეწამული-წითელი ლაქები, შემცივნება, ქავილი (ვასკულიტის ნიშნები).
· სუნთქვის უეცარი გაძნელება და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინით ან ხველებით (ასთმის ან პნევმონიის ნიშნები ცხელების შემთხვევაში).
· სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზისის ნიშანი) და/ან შავი ან სისხლიანი განავალი (კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები)
· სისხლიანი ფაღარათი (ჰემორაგიული დიარეის ნიშანი).
· შავი განავალი (მელენას ნიშანი).
· კუჭის ტკივილი, გულისრევა (წყლულის, სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის პერფორაციის ნიშნები).
· დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება (კოლიტის ნიშნები, მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი, იშემიური კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება).
· ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტის ნიშანი).
· კანის ან თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება (სიყვითლის ნიშანი), გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი (ჰეპატიტის/ღვიძლის უკმარისობის ნიშნები).
· გაციების სიმპტომები, დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების ზრდა (ღვიძლის დაავადების ნიშნები, მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ნეკროზული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა).
· ბუშტუკები (ბულოზური დერმატიტის ნიშანი).
· წითელი ან მეწამული ფერის კანი (სისხლძარღვის ანთების შესაძლო ნიშნები), კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე, პირში, კანის ანთება, რომელსაც თან ახლავს აშრევება ან აქერცვლა (პოლიმორფული ერითემის ნიშნები ან ცხელების არსებობის შემთხვევაში, სტივენს-ჯონსონი სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
· კანზე გამონაყარი აშრევებით ან აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტის ნიშნები).
· კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქციის ნიშანი).
· კანის იასამნისფერი დაზიანებები (პურპურის ან შენლეინ-ჰენოხის პურპურის ნიშანი, თუ აღნიშნული გამოწვეულია ალერგიით).
· შეშუპება, სისუსტის შეგრძნება, არანორმალური შარდვა (თირკმელების მწვავე უკმარისობის ნიშნები).
· შარდში ცილის სიჭარბე (პროტეინურიის ნიშანი).
· სახის ან მუცლის შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა (ნეფროზული სინდრომის ნიშნები).
· შარდის გამოყოფის მომატება ან დაქვეითება, ძილიანობა, დაბნეულობა, გულისრევა (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის ნიშნები).
· დიურეზის ძლიერი დაქვეითება (თირკმლის პაპილარული ნეკროზის ნიშანი).
· ზოგადი შეშუპება (შეშუპებითი დაავადების ნიშანი).
· ტკივილი გულმკერდის არეში და ალერგიული რეაქციები ერთდროულად (კუნისის სინდრომის ნიშნები).
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
კანის სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გავრცელებულ წითელ და/ან მუქ ლაქებს, კანის შეშუპებას, ბუშტუკებს და ქავილს (გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი).
თუ შეამჩნევთ რომელიმე მოცემულ სიმპტომს, აცნობეთ მკურნალ ექიმს.
სხვა გვერდითი რეაქციები
ხშირი გვერდითი რეაქციები
აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს 10 -დან არაუმეტეს 1 ადამიანში.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსიის ნიშნები), მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა (მადის დაქვეითების ნიშნები), ანალიზის შედეგების მიხედვით ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ტრანსამინაზების დონის მატება), კანის გამონაყარი, რეაქციები ინექციის ადგილას, ტკივილი ინექციის ადგილას, გამკვრივება ინექციის ადგილას.
ნაკლებად ხშირი გვერდითი რეაქციები
აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში.
პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში.
იშვიათი გვერდითი რეაქციები
შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში.
ძილიანობა (ჰიპერსომნიის ნიშანი), კუჭის ტკივილი (გასტრიტის ნიშანი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქავილი გამონაყარით (ჭინჭრის ციების ნიშანი), ნეკროზი ინექციის ადგილას (მხოლოდ კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი).
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები
შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში.
ერითროციტების დაბალი დონე (ანემია), ლეიკოციტების დაბალი დონე (ლეიკოპენია), დეზორიენტაცია, დეპრესია, ძილის პრობლემები (უძილობის ნიშნები), ღამის კოშმარები, გაღიზიანება, ჩხვლეტა ან დაჭიმულობის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზიის ნიშნები), კანკალი (ტრემორის ნიშნები), გემოვნების დარღვევა (დისგევზიის ნიშნები), მხედველობის დარღვევა* (მხედველობის დარღვევის ნიშნები, მხედველობის დეფოკუსირება, დიპლოპია), ხმაური ყურებში (ტინიტუსის ნიშნები), ყაბზობა, ტკივილი პირის ღრუში (სტომატიტის ნიშნები), ენის შეშუპება, სიწითლე და ტკივილი (გლოსიტის ნიშნები), საყლაპავის დისფუნქცია (ეზოფაგური დარღვევების ნიშანი), ეპიგასტრალური სპაზმი, განსაკუთრებით კვების შემდეგ (ნაწლავის დიაფრაგმის სტრიქტურის წარმოქმნის ნიშნები), ქავილი, წითელი გამონაყარი და წვა (ეგზემის ნიშნები), თმის ცვენა (ალოპეციის ნიშანი), ქავილი (პრურიტის ნიშანი), შარდში სისხლი (ჰემატურიის ნიშანი), აბსცესი ინექციის ადგილას.
*მხედველობის დარღვევა: თუ ვოლტარენის® მიღებისას მხედველობის დარღვევის სიმპტომები გამოვლინდა, მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა სხვა მიზეზების გამოსარიცხად.
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია
· კანის სისხლძარღვების მედიკამენტოზური ემბოლია (ნიკოლაუს სინდრომი) - იგრძნობა, როგორც მყისიერი ძლიერი ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილზე, რომელსაც თან ახლავს სიწითლე, შეშუპება, შესივება, სისხლძარღვების შესაძლო ბლოკირება, რაც გამოიწვევს კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნეთ:
რეაქცია ინექციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, შესიება, წყლულები და სისხლჩაქცევები. აღნიშნული მოვლენები შეიძლება გადაიზარდოს კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ნაწილის და ინექციის არეში არსებული კუნთების გაშავებასა და ნეკროზში. შეხორცება ხდება ნაწიბურის წარმოქმნით.
· კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ ლაქებს და სიწითლეს კანზე, კანის შეშუპებას, ბუშტუკებს და ქავილს (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი). ასევე შეიძლება განვითარდეს კანის გამუქება დაზიანებულ ადგილებში, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგაც. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, როგორც წესი, იმავე ადგილებში მეორდება პრეპარატის ხელახალი გამოყენებისას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით რეაქციას.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
· შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
· არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ეტიკეტზე წარწერის „ვარგისია-ს:“ შემდეგ.
· ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.
· პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
· სინათლისგან დასაცავად პრეპარატი შეინახეთ თავისივე მუყაოს კოლოფში.
· თითოეული ამპულა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.
· ინტრავენური ინფუზია უნდა გაკეთდეს საინფუზიო ხსნარის მომზადებისთანავე. არ შეინახოთ ინფუზიისთვის განკუთვნილი ხსნარი.
· არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ საინფუზიო ხსნარში შეამჩნევთ კრისტალებს ან ნალექს. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.
· არ გადააგდოთ (ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ პრეპარატის უტილიზაცია (გაანადგუროთ), რომელიც აღარ არის საჭირო. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
აქტიური ნივთიერებების და დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი.
პრეპარატი ვოლტარენი® შეიცავს:
· აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკ ნატრიუმი. 1 ამპულა შეიცავს 75 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
· სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მანიტოლი (E421), ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატ ვოლტარენის® ვიზუალური მხარე და შეფუთვის შემადგენლობა
კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი.
გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან სუსტ მოყვითალო შეფერილობამდე.
3 მლ ხსნარი ამპულაში; 5 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
პირველადი შეფუთვის მასალა: I კლასის უფერო მინის ამპულები მწვანე რგოლით და ლურჯი წერტილით.
სამკურნალო საშუალების გაცემის კატეგორია
სამკურნალო საშუალება კლასიფიცირდება, როგორც რეცეპტით გასაცემი პრეპარატი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის და მწარმოებლის დასახელება და მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხი კონტროლზე, თუ განსხვავდებიან.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ: ნაკლოფენი - Naclofen (დიკლოფენაკი) 75მგ/3მლ. 5 ამპულა
7. ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის
პრეპარატი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად, ნელი ინფუზიის გზით განზავების შემდეგ, ინსტრუქციის შესაბამისად. თითოეული ამპულა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი შიგთავსი უნდა განადგურდეს.
ინტრამუსკულარული ინექცია
პრეპარატი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულური ინექციით დიდი დუნდულა კუნთის ზედა გარეთა კვადრანტში ასეპტიკის წესების დაცვით.
ინტრამუსკულური ინექციის ადგილას ნერვის ან სხვა ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების დამბლა და ჰიპესთეზია) აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა. პრეპარატის ვოლტარენის® შემთხვევითი კანქვეშა შეყვანის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ინექციის ტექნიკის დაცვა და ნემსის შესაბამისი სიგრძის გამოყენება (პაციენტის დუნდულოს ცხიმის სისქის გათვალისწინებით).
ინტრავენური ინფუზია
ინტრავენური ინფუზიის უშუალოდ დაწყებამდე, მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ვოლტარენის® ერთი ამპულის შემცველობა უნდა განზავდეს 100 - 500 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში. განზავების მიზნით გამოყენებული ხსნარი უნდა იყოს ბუფერიზებული ნატრიუმის ბიკარბონატის საინექციო ხსნარის საშუალებით (0,5 მლ 8,4% ან 1 მლ 4,2% ან სხვა კონცენტრაციის შესაბამისი მოცულობა), აღებული ახალი გახსნილი კონტეინერიდან.
ვოლტარენის® კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით.
პრეპარატი ვოლტარენი® კუნთში შესაყვანი და საინფუზიო ხსნარი არ უნდა შეურიოთ სხვა საინექციო ხსნარებთან. სხვა საინფუზიო ხსნარები, რეკომენდებულის გარდა, არ უნდა იქნას გამოყენებული. ინტრავენური ინფუზია უნდა გაკეთდეს საინფუზიო ხსნარის მომზადებისთანავე (იხ. ინსტრუქცია ზემოთ). არ შეინახოთ საინფუზიო ხსნარი.