 |
01.09.2009: ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი
2009 წლის 29 აგვისტოს – 2 სექტემბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაიმართა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი. კონგრესის მუშაობაში 30 000-მდე კარდიოლოგი მონაწილეობდა, როგორც ევროპიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. განხილულ იქნა ახლი მიმართულებები გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, გულის ქრონიკული უკმარისობის, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და პრაქტიკული რეკომენდაციების და მათი კლინიკურ რეალობაში დაგეგმვის თვალსაზრისით. Kკონგრესზე მოხსენებულ იქნა 25-ზე მეტი დასრულებული და მიმდინარე მულტიცენტრული, რანდომიზებული კლინიკური კვლევების შედეგები, რომლის საფუძვლებზეც მუდმივად მიმდინარეობს დაავადებათა ადეკვატური მართვის რეკომენდაციების განახლება. პირველად ჩაეყარა საფუძველი ძალიან სასარგებლო ინიციატივას, ე.წ. ბავშვთა ფონდს, რომელიც მეთვალყურეობას და რეალურ დახმარებას გაუწევს პედიატრიული კარდიოლოგიის განვითარებას. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადეობა 1992 წლიდან ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრია და შესაბამისად, ყველა ქართველი კარდიოლოგი, რომელიც საქრთველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაში არის გაერთიანებული (220 ექიმი) იმავდროულად ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრია. სწორედ ამიტომ, უდიდესი ენთუზიაზმი და სიხარული გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წელს პირველად უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება კონგრესზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი, რაც ქართული ფარმაცევტული კომპანია “GM Pharmaceutical – GMP”-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბუნებრივია, რომ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სტენდი კონგრესის ქართველი დელეგატების თავშეყრის ადგილი გახდა, დიდი იყო სტენდისადმი ინტერესი უცხოელი კოლეგების მხრიდანაც, და სწორედ აქ გაიმართა ბევრი საინტერესო შეხვედრა, პროფესიული დისკუსია და აზრთა გაცვლა- გამოცვლა. კონგრესის მუშაობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი კარდიოლოგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ძირითადი მიზნის მისაღწევად – შეამცირონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილობა ევროპის რეგიონში.
|
 |
 |